მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსმოწამე ანასტასი
ღირსმოწამე ანასტასი სპარსი (628) ღირსმოწამე ანასტასი ქურუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხოსრო მე-2 ის ლაშქარში მსახურობდა. ხოსრომ 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ ნადავლთან ერთად უდიდესი სიწმიდე-უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდუდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმიდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი აღესრულა. ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროს ჯარი, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათლიღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და 7 წელი გაატარა იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში. წმიდა ანასტასი მოწამეთა ცხოვრებებს ეცნობოდა და გულში მათი მიბაძვის სურვილი უმწიფდებოდა. ერთხელ, დიდ შაბათს ღამით მან იდუმალი სიზმარი იხილა:ნათელმოსილმა ჭაბუკმა ღვინით სავსე ფიალა გაუწოდა სიტყვებით:“მიიღე და სვი!“ და როცა ფიალა გამოცალა, ენით აუწერელი სიტკბოება იგრძნო. ეს ჩვენება ანასტასიმ თავისი მოწამებრივი აღსასრულის წინასწარგანცხადებად მიიღო, ფარულად დატოვა მონასტერი და პალესტინის კესარიაში წავიდა. იქ იგი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართცელი ხან ტანჯვითა და მოკვდინების მუქარით, ხან კი პატიებისა და მიწიერი სიკეთეების აღთქმით ცდილობდა ანასტასის გადადრეკას ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მაგრამ მისი ნება ვერაფერმა მოტეხა. მაშინ ნეტარი აღმსარებელი სასტიკად აწამეს: არგნებით გვემეს, წვივები გადაუმსხვრიეს, ხელებით დაკიდეს და ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს. ბოლოს მმართველმა კვლავ თავისთან იხმო წმიდა ანასტასი და განთავისუფლების საზღაურად ამ სიტყვების თქმაღა მოსთხოვა:“მე ქრისტიანი არა ვარ!“ წმიდა მოწამემ კი უპასუხა:“ღმერთმა მაშოროს არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და არც ფარულად, თვით ძილშიც კი; ვერავინ ვერასოდეს მაიძულებს ამას!“ მაშინ ხოსროს ბრძანებით, წმიდა ანასტასი დაახრჩვეს(628). უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს. |