მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე კლიმენტი
მღვდელმოწამე კლიმენტი, ანკვირიელი ეპისკოპოსი და მოწამე არათანგელოსი (312) მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირიაში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატიაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩაში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც-იგი ბავშვებს ნათლიღებისთვის ამზადებდა. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ-დიაკვნად; 18 წლისას ხუცეად დაასხეს ხელი, 20 წლის ასაკში კი ანკვირიელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლიტიანემ(284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა წარმართული ღვათაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა აღმსარებლობა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა დიოკლიტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. ავ ენათაგნ დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლიტიანემ იგი ნიკომიდიაში, თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე მღვდელმთავრის მოწაფე, აღათანგელოსი ავიდა-მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი. იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აღაპინს გადასცა, რომელმაც ისე მხეცურად აწამებინა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ წმიდანთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები. განთავისუფლებული კლიმენტი და აღათანგელოსი თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირიაში გაგზავნეს, სადაც მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გაგზავნა. ამასიაში მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელნი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისთვის ტარსოსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა. მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმიდა კლიმენტი კი აკვირიელმა ქრისტიანებმა გაათავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურგიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამეობრივ გვირგვინს. მართლაც მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოჰკვეთეს(დაახ.312). |