მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი ნიჟნი ნოვგოროდიდან იყო. იგი თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა და ყაზანში მცხოვრები ხანის ნათესავს, ალეი-შნურის ყმა გახდა. იოანე დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათენებდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა ტყვეს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა, იოანემ კი განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს ცნობს. ღამით თათრებმა წმიდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონს მოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანში მცხოვრები რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას კი მიიცვალა(24 იანვარი, 1529). |