მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) იმერეთის ეპიკოპოსი(1891) წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, მღვდლის მაქსიმე ქიქოძის, გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის ოჯახში. 1840-45 წლებში გაბრიელი სწავლობდა თბილისის, შემდეგ კი ფსკოვისა და ბოლოს პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით, ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად,, 1854 წლეს ეგზარქოსის მიერ ხელდასმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი-მღვდლად. 1856 წელს 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს, იმავე წელს აკურთხეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1868 წელს მის გამგებლობაში შევიდა აფხაზეთის, ხოლო 1873 წელს სამეგრელოს ეპარქია. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას, საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში 3-4 ადგილას დამოძღვრავდა ხოლმე სამწყსოს, მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალითი. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზღდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით,“ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თავადაც მკაცრად იცავდა:ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა, ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე: თურმე :თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა:. ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარს და არც გუბერატორს. მეუფე გაბრიელი „ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომ მათი შიში არ ჰქონდა“. ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი დაეცა თავს და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა:“შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვს“. ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფემ არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა. მთხოვნელის გარჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი და პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითმენდა და უზნეო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელშიც ჩანდა, საცხოვრებელ ოთახშიც და სმა-ჭამაშიც. ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია. ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცრად მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მომწოდებელი. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებასა და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა რამდენადაც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ფულსაც უხდიდა. ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები, მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისათვის. მისი დევიზი იყო:“მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“. გაბრიელის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთები უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთრებში ქვრივ-ობლებს შეშასა და ფულს უგზავნიდა ღამ-ღამობით, ჩუმად. მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა საოცარი სასოებით იცოდა. მიუხედავად ამისა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირი იყო გესლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას, მაგრამ თვით მტრებიც იხსენიებენ მას, როგორც „უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართ-მოძღვარს“. ადარებდნენ „ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს“, უწოდებდნენ „საკვირველ პედაგოგს“, „არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს“, სიმართლის მასავლებელს“. მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც მე-19 საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა აბსოლუტურად ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაიწერა მრავალი წერილი და ქადაგება, მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ“ ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო.“რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა არის ბუნების წესი?“-ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის,- „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას“. გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი“ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც“. უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული. 1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე(ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ, მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“. სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს ძლიერი სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა:“ ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა:“მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისგან იყო შეკრული. მიცვალებულის გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრევ თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა, მანამდე კი მეუფის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. 46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა. გარდაცვლილის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივებსა და ღარიბებს დაურიგდა. გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანსაკნელ შენდობას ითხოვდა ყველასგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს. |