მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამენი:ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად შვიდი მხედარი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი:ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად შვიდი მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლიტიანეს(284-305) დროინდელი დევნისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს, მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერანაირმა მუქარამ და დაპირებამ ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა ერთი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუსარწმუნოება, ამის შემდეგ წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა, მეთორმეტე დღეს კი სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილეს მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე და მანაც წმიდა ანანიას ხვედრი გაიზიარა-ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუსერეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი გავარვარებულ ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე მეტისმეტად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელნი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით აწამეს, შემდეგ კი ცხრავე მარტვილი ცეცხლში ჩაყარეს. უსჯულოთაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ბოლოს მოწამეები ზღვაში დაახრჩვეს. სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამკ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმიდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. |