მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ჯვრის გამოჩინება, რომელი კონსტანტინე მეფეს გამოუჩნდა ზეცით.
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი(306-337) ქრისტიენებისადმი კეთილგანწყობილი იმპერატორის, კონსტანციუს ქლორუსის(305-306) ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლიტიანეს გვერდით გაატარა „საპატიო ტყვეობაში“, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა და ხოცვა-ჟლეტვას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად ევლინებოდა უძლურებაში. 306 წელს, კონსტანციუს ქლორუსის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანების სასარგებლოდ გაცემული მამამისის განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მიანიჭა. რომის იმპერიის სხვა ხელისუფლებს-ფანატიკოს წარმართ მაქსიმიანე გალერიუსს(305-311) და სასტიკ ტირანს მაქსენციუსს(307-312 დასავლეთში) სძულდათ კონსტანტინე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ. როცა ამის შესახებ შეიტყო. მოსიქულთასწორმა მეფემ თავად დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მას სურდა, ჭეშმარიტად ზეციდან მიეღო შეწევნა და უფალმაც წყალობის თვალით გადმოხედა თავის რჩეულს. ერთხელ, ნაშუადღევს, უკვე დასავლეთისკენ გადახრილი მზის ფონზე მან ცხადად დაინახა ჯვრის ნიში წარწერით:“ამით სძლევ!“ ამ სანახაობამ თავზარი დასცა კონსტანტინეს და მის თანმხლებ მეომრებს, რადგან ჯვარი, როგორც სამარცხვინო სასჯელის იარაღი, წარმართებს უბედურების მომასწავებლად მიაჩნდათ. შეშფოთებულ მეფეს ღამით, ძილში თავად იესო ქრისტე ეჩვენა და უბრძანა, საბრძოლო დროშებზე გამოესახა ხილვაში ნანახი ნიში და მისი ძალით შებრძოლებოდა მტერს. მართლაც, უფლის რჩევა თავის ლაშქარს ჯვრის გამოსახულებიანი, ოქროებითა და ძვირფასი თვლებით შემკული საბრძოლო დროს წაუმძღვარა, მეომრებს ფარებზე და მუზარადებზეც ეს ნიშანი გამოასახვინა და 312 წლის 28 ოქტომბერს, მელვიუსის ხიდთან გამართულ ბრძოლაში მტერს არნახული დამარცხება აგემა. რომში გამარჯვებით შესულ კონსტანტინეს სიხარულით შეეგება მაქსენციუსის ძალმომრეობით გატანჯული მოსახლეობა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მათ ახალი იმპერატორის ქანდაკება აღმართეს, რომლის ხელშიც, თავად კონსტანტინეს მითითებით, დაამაგრეს ჯვრის ფორმის შუბი წარწერით:“ამ მაცხოვნებელი ნიშით გავათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან და რომაელ ხალხს და სენატს დავუბრუნე ძველი ბრწყინვალება და დიდება“. ამ გამარჯვების შემდეგ, 313 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა გამოსცა ე.წ. მედიოლანის(მილანია) ედიქტი, რომელიც მის ქვეშევრდომებს სარწმუნოების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა:წარმართებს რჩებოდათ თავიანთი რიტუალების შესრულების უფლება, ქრისტიანებს კი ეძლეოდათ ნება, აშკარად ეღიარებინათ ერთი ჭეშმარიტი რმერთი. შემდგომი ბრძანებულებით კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმით დასჯა, აკრძალა სისხლიანი სანახაობებო ცირკში: კვირადღე დასვენების დღედ გამოაცხადა არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისტვის, არამედ მონებისთვისაც; მღვდელმსახურები ყოველგვარი გარეშე მოვალეობებისაგან და გადასახადებისგან გაათავისუფლა; ეკლესიას დაუბრუნდა წართმეული შენობები და გადასცა ახლებიც-ღვთისმსახურებისათვის მეტად შესაფერისი ბაზილიკები, სადაც ადრე მოსამართლეები ბჭობდნენ... ქრისტეს ეკლესიამ შვებით ამოისუნთქა. „უძველესი იადგარის“ მოწმობით, ჩვენი წინაპრები 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოჩინების სასწაულს. |