მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ მე-2-ის ზეობისას, დაახ.341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ-მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მის დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის საჭირო იყო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრმა უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით საპორმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. მოსულიერებუოლმა მტარვალმა აკვინდინეს, პიგასის და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლით მოეხრჩოთ ისინი. წმიდათა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკვრელები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებოჭილნი, დაისალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, ქრისტიანებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გააფთრებულმა საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო.მაშინ მარტვილებმა შესძახეს: :დაიყავნ პირი შენი!“- და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა ენიშნებინა ხელქვეითთათვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ. ეშმაკეულქმნილმა მეფემ სიბრაზისაგან მანტია შემოიხია და მხეცივით დაიწყო ღმუილი. აკვინდინემ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმიდანთა ჯადოქრობით ახსნეს და, მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩაქრა. მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისათვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, საპორმა ბრძანა, აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად ელპიდიფორე თავის მოკვეთით დაისჯებიან. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი- შვიდი ათასამდე-ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც. აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ეთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილითა დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას. |