მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე ტრიფონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელ მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისგან იხსნა. ამ დროს რომში მეფობდა გორდიანე, რომელსაც ეშმაკისეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით შესძახა:“ვერავინ განმდევნის ტრიფონის გარდა!“ როცა მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა:“არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!“-და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანემ სთხოვა წმიდანს, ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი, რომელიც მის ასულს სტანჯავდა. ტრიფონმა დემონს უბრძანა:“ჩემი უფლის, იესო ქრისტე სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!“ იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო. როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი(249-251) ავიდა, წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავისი მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ. შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს. |