მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით,“კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისა და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაილისასა; და სული წმიდა იყო მის ზედა“.(ლკ.2,25). მისდა უწყებულ იყო სულისაგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას-განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს არ იხილავდა. ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ, პტოლემეოს მე-2 ფილადელფოსმა(285-247 წწ. ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით მან მწიგნობები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე:“აჰა ქალწულმან მუცლად -იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ(7,14), მან ჩათვალა რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, ქალწულის ნაცვლად დედაკაცი ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:“ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მათ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს“. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. და აი ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა:“აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მორბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!“ და ისიც „ესე მართალი უკანასკნელი. პირველიცა და უკანასკნელიცა; დასასრული შჯულისა და დასაბამი მადლისა; ნათესავით პურია, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშორებულ“- ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა:“აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვსაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა(ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა:“აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაილსა შორის და სასწაულად სირყვის-საგებელად; და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი“(ლკ.2,34-35). წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. მე-6 საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. |