მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი მე-9 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კედონიაში, ქრისტიანტა ოჯახში. 10 წლისა იყო, როცა მშობლებმა კონსტანტინოპოლში გაგზავნეს ბიძასთან, სტუდიონის მონასტრის ბერ ნეტარ თეოფანესთან. სავანის წინამძღვარმა, ღირსმა თეოდორემ ყრმა მონასტრის სასწავლებელში ჩარიცხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 16 წლის ასაკში, წმიდანი ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის(813-820) დროინდელი დევნისას ღირსი ნიკოლოზი ახოვნად განაგრძობდა მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას(867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისმცემლობა აღსდგა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩეული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძეკებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუცხრომელი თანაცხოვრებით სულშებილწულმა. უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალსა და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ:ბარდამ ცოდვას ცოდვა მოუმატა-მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინოპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა 7 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიონის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების-მიხეილის(855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი მაკედონელის (866-886) აღსაყდრების სემდეგ კი ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხიოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისგან კურნების და სასწაულქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |