მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ფიტიოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ფიტიოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი მე-9 საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა. ფოტიოსმა ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწვლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდ. ფილოსოფიის, ასტრონომიის, მედიცინისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტიოსს პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს. 857 წელს იმპერატორ მიხეილის(855-867) თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინოპოლის კათედრიდან გაძევებული პატრიარქი ეგნატის ნაცვლად ფოტიოსის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ თანამდებობისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: 6 დღის განმავლობაში აღამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტიოსი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1(858-867) იმედოვნებდა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე სასულიერო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მოღვაწეობაში გამოუცდელი ფოტიოსი ვერ შეძლებდა რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრებს შორის საკამათო საკითხებში გარკვევას და მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტიოსი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთმა მიიღო მართლმადიდებლური სარწმუნოება. როგორც ვარაუდობენ, ბულგარეთის მეფე, ბორისი პატრიარქმა ფოტიოსმა მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ წმიდა ფოტიოსის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე-სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული ბულგარეთის მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა დახმარება დასავლეთში ეძებნა და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩასულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტიოსის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცემდნენ ნათელმირონს. ეს იყო მთელი ეკლესიის შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა წმიდა ფოტიოსმა აღმოსავლეთის ეკლესიებს გაუგზავნა ეპისტოლეები და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა. 867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა(867-886). მღვდელმთავარმა ფოტიოსმა უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის მაგიერ ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს ჩააბარეს. მღვდელმთავარ ფოტიოსის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა, მაგრამ აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას. შემდგომი მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტიოსი კანონიერ მწყემსმთავრად. იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის(886-912) დროს მღვდელმთავარ ფოტიოსს მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე. მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ფოტიოსს, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა და სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად. |