მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი პართენიოსი, ლამფსაკელი ეპისკოპოსი(მე-4); ღირსი ლუკა ეკლადელი(დაახ.946).1003 ნიკომიდიელი მოწამენი(303).
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პართენიოსი, ლამფსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლისში(მცირე აზია) სადაც მამამისი ქრისტეფორე დიაკვნად მსახურობდა.ყმაწვილისათვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი მან კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმიდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს. ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში-18 წლის ასაკიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხამდა ეშმაკს. როდესაც ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლისის ეპისკოპოსმა ფილიპემ მას განათლება მიაღებინა და ხუცესად აკურთხა. 325 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამფასკოსის(მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს, უფლის დაშვებით, მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან. ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმიდა პართენიოსმა კონსტანტინე დიდს(306-337) მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო. მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო. ლამსაკოსში დაბრუნებულმა პართენიოსმა ქალაქის ცენტრში უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი ააგო. ღირსი პართენიოსი მშვიდობით მიიცვალა და დაკრძალეს ლამფსაკოსის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში. |