მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ლუკა ელადელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტორიაში დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები იყვნენ. წმიდანიც ბევრს შრომობდა. იგი უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. ხშირად გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც მრავალი საყვედურის დათმენა უწევდა მშობლებისაგან. ერთხელ მან, იმ თესლების უმრავლესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა. სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა. მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა საკუთარ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მისულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა. მთაზე 7 წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი ბულგარელთა შემოსევამ აიძულა, შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრასში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და ათი წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ მთაზე დამკვიდრდა. მომლოცველთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით, იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის სემდეგ, ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი(სოტერიე). აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, სენაკში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:“ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო სულსა ჩემსა!“ შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღსრულდა. |