მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქაიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა.. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქაიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისთვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს, წმიდანინ თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმოერატორმა ლიკინიუსმა(307-324) მართლმადიდებელთა საშინელი დევნა დაიწყო. ის ცდილობდა, ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისთვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მიიწვია ჰერაკლიაში და უთხრა, რომ რმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. წმიდა მხედარმა ცრუღმერთების კერპები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს:მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს... შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოსალოდნელი აღსასრულის მოლოდინში წმიდანი ლოცვას მიეცა... მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე:წყლულები დაუამა მას და ჯვრიდან გარდამოხსნა. მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძლევამოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ წმიდანმა არ ისურვა, მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად წმიდანის საპყრობილეთა კარები ლოცვით იღებოდა და ტუსაღებს ბორკილები ცვიოდათ. მის სამოსელის შეხებით სნეულები და ეშმაკისეულები ინკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს-უარს(ხს.19 სექტემბერს), რომელიც ესწრებოდა და აღწერა მისი წამება, უთხრა:“ ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშნვას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, შემდეგ წმიდა მოწამემ ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე. |