მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე ნიკიფორე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ნიკიფორე (დაახ.257); წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელე სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და ბაგრატი ტავრომენელი; მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი.წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა შესთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მივიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორმა ვალერიანემ(253-259) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესათვის. ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, მისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. მოხუცმა კი გული გაიქვავა და სიკვდილი წინაც არ შეუნდო. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცილა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ევედრებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფეველის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა:“მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად!“ როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი ხუცესი გაეთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ. |