მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანე ჭიმჭიმელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება:იგი იყო მე-12-13 საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის(ხს.23 მაისს) „დიდებითა, სიმწნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაცენს იოვანე ფილოსოფოსის ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა“. იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაი ეკლესიასტისაი მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაი ეკლესიასტისაი“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაი მარკოზის სახარებისაი“ თეოფილაქტე ბულგარელის; 4) მისივე „თარგმანებაი ლუკას სახარებისაი“ ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. მე-18 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე(გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას-იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს. მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა. წმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის(საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი, ქრისტეს მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესაებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედარმთავარ ლუკიუსს მოახსენეს, მათ ბრძანეს შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად(იგი 113 წლისა იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: სხეული რკინის ჩანგლებით უჯიჯგნეს მანამ, სანამ თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა:“გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული!“ მოხუცის მოთმინებისა და სიმშვიდის მოწმე ორმა მხედარმა-პორფირემ და ბაპტოსმა მხნედ აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავები მოჰკვეთეს. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა-საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული. გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დაიწყო წმიდა ხარლამპის წამება, მაგრამ უეცრად ხელები წაერთვა, თითქოს მახვილით მოჰკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მისულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შეანერწყვა სახეში და კადნიერებისათვის მეყსეულად დაისაჯა-თავი უკან შეუბრუნდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისაგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და განკურნა ისინი. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც სინდისის ქეჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში(მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. იმპერატორმა მრძანა, ხარლამპი მისთვის მიეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმიდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულქმედებითაც განდიდდა: მისი ლოცვით მკვდრეთით აღდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული. ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ქალიშვილმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით ხარლამპის ბაგეები ქვებით დაუჩეჩქვს, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევიუსმა და მისმა ერთმა დიდებულმა-კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულომ კი ჰაერში გამოკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობელები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ისევ გაეგრძელებინათ წამება. ბოლოს წმიდა ხარლამპის თავი მოჰკვეთეს. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს ნეტარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის-ცოდვათა მიტევება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა. |