მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა პროხორე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა პროხორე ბავშვობიდან მონასტერში აღიზარდა. იერუსალიმში იგი მღვდელ-მონაზვნის ხარისხით ჩავიდა და მრავალი წელი გაატარა წმიდა საბას ლავრაში, შემდეგ კი, ექვთიმე გრძელისძის ბრძანებით, „მან იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსაც უწოდიან ჯუარისა მონასტერი“. გადმოცემის თანახმად იმ ადგილას, აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე-სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ხეები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის არ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა მე-4 საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის(ხს. 1 ოქტომბერს). მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს(ხს.30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც მე-7-11 საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ. მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასი მისცა საქართველოს მეფე დავით კურაპალატმა. ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო 80 ბერი შემოიკრიბა, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი, მსგავსი საბაწმიდის ლავრისა. წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი, ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, ყოველი სათნოებით შემკულმა, სული უფალს შეავედრა. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პროხორეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალიან ძუნწია, ქართველ მკვლევართა და მეცნიერთა გაანგარიშებით, პროხორე უნდა დაბადებულიყო 985-990 წელს, 1010-15 წელს წავიდა იერუსალიმში, 1025 წლამდე მოღვაწეობდა საბას ლავრაში და გარდაიცვალა 1066 წელს, დაახ. 76-81 წლის ასაკში. |