მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ლუკა იერუსალიმელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო.მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა 20 წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და დედის სანახავად, თვითონაც იქ დარჩა , ბერად აღიკვეცა და დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოევ სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს 3 წლის მანზილზე. კაცთა წარწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღვსილი სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჰიდარი აღამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების მერე ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა“ და „არარაით შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს:“შეხ ჰიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ჰიდართან და უთხრა:“რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს რაიცა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა სულთანმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის. საშინელი სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას მოკვეთილმა თავმა პირი აღმოსავლეთისკენ ქნა, გაიღიმა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ჰიდრის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს. |