მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა(დაახ.357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ანტიოქიაში იხმო ირანელებთან საბრძოლველად. წმიდანი ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მელეტი მხურვალედ იბრძოდა ირანელთა ერესის წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მანქანებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებით და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გარვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები. წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი-წმიდა იოანე ოქროპირიც. იმპერატორის ტახტზე იულიანე განდგომილის ასვლის სემდეგ ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა კათედრიდან. მას შემდეგ რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დააბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა“, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე. 381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის(379-395) დროს, კონსტანტინოპოლში გაიმართა მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მას სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი. მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან ანტიოქიაში გადაასვენეს. ღირსი მარიამ-მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი მე-4 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში(მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო. მისმა ასულმა არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და მამას გაჰყვა თან. ისინი ერთად დაემკვიდრნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად. „ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და სათნოებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი. ერთხელ მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთაგან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდუნებლად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, ქალის მამამ მარინტან მიიყვანა შვილიშვილი. წმიდანმა სიყვარულით იტვირთა ჩვილის აღზრდა. სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზედ უხალისოდ. უკან მიბრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა. სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა უფალს სული. როცა ნეტარი დედის შემოსვა დაიწყეს დასაკრძალავად, მისი საიდუმლო გაცხადდა. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა. ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. წმიდა ანტონი , კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაახლოებით 829 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლის მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.დედის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტერს მიაშურა, სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამეებს ათევდა ლოცვაში და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინაარმდეგ, მღვდლად აკურთხეს და წინამძღვრადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად განიკითხავდა მათ. ნეტარი მამა 893 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა უქონლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის. 895 წელს ღრმად მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. |