მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ავქსენტი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის(408-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი. ამსოფლიურ ამაობეთაგან დამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა. ქალკედონიის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა(შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარ მამას შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნელად მოუხშირეს სნეულებმა და სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღასრულებდა. 451 წელს წმიდა ავქსენტის მსოფლიო მე-4 კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ სენაკს. ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დაარსა მონასტრები, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა. ღირსი მარონი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა სირიაში, კვიროსის მახლობლად. წმიდანმა სახელი გაითქვა სნეულთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭით. სულიერი დამოძღვრის მსურველებს ნეტარი მამა ურცევდა, თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ, ცხონებაზე ეზრუნათ, თავი მოეზღუდათ ვერცხლისმოყვარეობისა და მრისხანებისაგან. ღირსი მარონის მოწაფეები იყვნენ: იაკობ განდეგილი(ხს.26 ნოემბერს), ლიმნეი(ხს.23 თებერვალს), დომნინა (ხს. 1 მარტს) და სხვა ბევრი იმ დროისათვის ცნობილი მოღვაწე. |