მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი, მე-4-5 საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმიდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და იქ განდეგილი ბერების ცხოვრებით ცხოვრობდა. ღირს აბრაამს ხსირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებნიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან. უფლის რჩეული უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როცა ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააგეს, სთხოვეს წმიდა აბრაამს სამღვდელო ხელდასმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოსაგრე კარიეს ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსათნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თავის კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს ქალაქ კარიეში. ღირსი ისააკი ბერად აღკვეცამდე მდიდარი ვაჭარი იყო. შემდგომში მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, კიევში ჩავიდა და ღირსი ანტონის ხელით აღიკვეცა ბერად. წმიდანი დაყუდებული ცხოვრებით ცხოვრობდა და მეტად მკაცრად მარხულობდა: მხოლოდ სეფისკვერს ღებულობდა დღეგამოშვებით. დაყუდების მერვე წელს ღირსი მამა,ეშმაკის მანქანებით მძიმე ცოდვაში ჩავარდა:თაყვანი სცა ბოროტ სულს, რომელიც მაცხოვრად მიიჩნია. ამის შემდეგ მეტად დაუძლურდა. დასნეულებულ ბერს ღირსი ანტონი და თეოდოსი უვლიდნენ. მხოლოდ სამი წლის შემდეგ შესძლო მან ფეხზე დადგომა, საუბარი და ღვთისმსახურებაზე დასწრება. გამოჯანმრთელების შემდეგ წმიდანმა სალოსობის ღვაწლი იტვირთა და უდრტვინველად ითმენდა ყოველგვარ შეურაცხყოფას. სიკვდილის წინ ნეტარი ისააკი კვლავ დაყუდების ღვაწლს მიეცა. განკურნების შემდეგ წმიდა მამამ 20 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1090 წელს. |