მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი პაფნუტი და მისი ასული ევფროსინე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პაფნუტი და მისი ასული ევფროსინე ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინე 18 წლისა იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მას განკრძალული სენაკი გამოუყო, სადაც წმიდა მოსაგრე ახოვნად ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებითა და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მიდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინე მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული, მასთან პოულობდა შვებას. ევფროსინემ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის სენაკში დაემკვიდრა და აქ ოცი(ზოგი ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა. |