მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მამა თეოდორე აჭარელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მამა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისათვის ეწამნენ ოსმალთაგან. წმიდა თეოდორე დაიბადა მე-18 საუკუნის 70-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის გარეგნული მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს. წმიდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ შეძლო უარი ეთქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში(იზმირი)არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა ბერად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გახდა. 1822 წელს წმიდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია იმ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და ქრისტიანობის გამო მოუკლავთ, მოწამის გვამი კი ზღვაში გადაუგდიათ. |