მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი, დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს ერმოგენს ეპისკოპოსადაც დაადგეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა. 1606 წლის 3 ივლისს წმიდა ერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა. წმიდა ერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუნდ მე-3 -ის შემოჭრა. წმიდანი თანამემაულეებთან ერთად აღდგა ქვეყნისა და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურადა საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუნდის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ ერმოგრნის ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი ერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვოს მონასტერში გამოამწყვდიეს. ალყაშემორტყმული პოლონელები წმიდა პატრიარქთან ელჩებს გზავნიდნენ და ითხოვდნენ რუსი მოლაშქრეებისათვის ქალაქის დატოვება ებრძანებინათ. მღვდელმთავარი პასუხობდა:“რას მემუქრებით? მე მხოლოდ ღვთისა მეშინია. თუ თქვენ გახვალთ მოსკოვიდან, მე მოვუწოდებ რუს მხედრობას, რომ დატოვონ ქალაქი, მაგრამ თუ დარჩებით, ვაკურთხებ მათ, რომ წინ აღგიდგნენ და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად სისხლი დასთხიონ“. პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გაუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმანთავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედართმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. 9 თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს, შიმშილისაგან ძალაგამოცლილი, მოწამეობრივად აღესრულა. რუსი ხალხის განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი ხალხმა ჩუდოვოს მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა. წმიდა პატრიარქის კანონიზაცია მოხდა 1913 წლის 12 მაისს. |