მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი რაბულა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფინიკიაში დამკვიდრდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით.იმპერატორმა ზენონმა(475-491) ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად. ახალი სავანე წარმართო მოსახლეებით იყო გარემოცული, მაგრამ, აქ მოსაგრე მამების ძალისხმევით ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის(491-518) ზეობისას ღირსი რაბულა კონსტანტინოპოლში გადავიდა. მან ახალი იმპერატორისაგანაც მიიღო ფულადი შემოწირულობანი და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება მკაცრ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიარწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა თავი. |