მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) მე-3 საუკუნის მე-2 ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პიველი მსოფლიო კრების მამების მიერ. დიდად განათლებული ღვთისმეტყველი, წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრაბა მოიწვია. კრების პირველი თავჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შეკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სამყაროს სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგიერთმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოუსყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწმემ უნდა დაადასტუროს, არიანელებმა უგულვებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში. მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმე დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი ცოდვა. ამ დროისათვის წმიდა კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანციუსი(337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება-მან გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს ანტიოქიაში. |