მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანიკე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში 752 წელს. მისი მშობლეი ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელ ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი. იმპერატორ ლეონ მე-4-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისათვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გუწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გალენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო. ერთხელ. როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდენ მოდიოდა, ერთმა უცნობმაა ბერმა სახელით უხმო:“შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქმნა. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა-სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა. 24 წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმიდა მოსაგრემ ურჩია, ჯენ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის 30 სალმუნი ზეპირად ისწავლა და ღვთის მინიშნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა ერთ უდაბურ ადგილას. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მოჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით შემოინახა ეკლესიამ: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“. მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმიდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა, მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმიდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარცხენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს. ნეტარი 12 წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა. მან სამი წელი სრულ დაყუდებაში გაატარა, შემდეგ კი ქალკედონში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან (ხს.21 თებერვალს). უფლის რჩეულებმა სამი წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის მანძილზზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმიდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა. მოღვაწეობის 70 წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ლოცვის დროს ნეტარი ჰაერში მაღლდებოდა; ერთხელ ადიდებული მდინარე ფეხით გადაიარა. მას შეეძლო, ადამიანთათვის უხილავი გამხდარიყო და სხვებიც უჩინო ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმიდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისაგან გაათავისუფლა. წმიდა მოსაგრემ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით-ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი- ასთხუტმეტი წლის ასაკში. |