მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა იოანე
პირველად (მე-4) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნის თავისა წმიდისა დიდებულისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის(ხს.29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა(მას ახსენებს ლუკა მახარებელი-ლკ.8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე-ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე გაცხადდა მასთან აღსრულებული სასწაულებით. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე ურწმუნოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო, შემდგომში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა. მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის(337,ხს.21 მაისს) ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, წმიდა ადგილების მოსალოცად ჩასულ ორ ბერს იერუსალიმში ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ტყავის ტომარაში ჩადეს და შინისკენ გაბრუნდნენ. გზად მათ შეხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ნივთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმიდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს და თან გაეყოლებინა ისიც, რაც ხელთ ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობლად მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრდნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს სავანის არქიმანდრიტ მარკელეს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეას მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნით იდღესასწაულება. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში. |