მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე იოანე კალფა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე იოანე კალფა (ხუროთმოძღვარი) კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძრვარი იყო და თავის ხელოვნებაში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები აძლევდნენ შეკვეთებს. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც. წმიდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმიდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის ჰკითხა, რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში „წინასწარმეტყუელ“ მუჰამედის შესახებ? წმიდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და წმიდანმაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა. ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმიდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გაგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი-1575 წლის 26 თებერვალს, სავაჭრო მოედანზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ. |