მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი
#წმინდათა ცხოვრება ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი სამ ათწლეულზე მეტხანს სალოსობდა. უფლის სათნომყოფელმა მამამ სასწაულქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. 1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე მიადგა ფსკოვს, რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. განსაცდელში მყოფი ქალაქი ლოცვად იყო დამდგარი. დილით, როცა მორწმუნეებს ზარების რეკვამ საცისკრო მსახურებაზე მოუხმო, თვითმპყრობელის სულს უეცრად საოცარი ნეტარება მოეფინა და დამშვიდებულმა ბრძანა:“დაუშვით მახვილები, შეწყდეს სისხლისღვრა!“ ფსკოველები ქუჩაში გამოეფინნენ. ყველას თავისი სახლის წინ მოეყარა მუხლი და პურსა და მარილს სთავაზობდა მეფეს. ერთ-ერთ ქუჩაზე ივანე მრისხანის შესახვედრად ჯოხზე ამხედრებულმა სალოსმა გამოირბინა და შესძახა:“ივანუშკა, პური და მარილი ჭამე, ხალხის სისხლის სმას კი თავი დაანებე!“ მეფემ სალოსის შეპყრობა ბრძანა, მაგრამ ის მყისვე გაუჩინარდა. ივანე მრისხანემ ხოცვა-ჟლეტვაზე აიღო ხელი, მაგრამ განზრახული ჰქონდა, გაეძარცვა ქალაქი.იგი სამების ტაძარში დაესწრო ლოცვას და ნეტარი ნიკოლოზისაგან კურთხევის მიღებაც მოიწადინა. წმიდა მამამ სენაკში მოსულ მეფეს უთხრა:“გამვლელო, ხელს ნუ გვახლებ, გაგვეცალე, თორემ გასაქცევსაც ვერ იშოვი!“ შემდეგ კი დაურიდებლად ამხილა იგი. ივანემ ყურად არ იღო გაფრთხილება და ბრძანა, სამების ტაძრის ზარი ჩამოეხსნათ. ბრძანების გაცემა და საუკეთესო ცხენის დავარდნა ერთი იყო. ამ სასწაულმა შეძრა მეფე, დაუყონებლივ შეწყვიტა ძარცვა-გლეჯა და გაიქცა ქალაქიდან. წმიდანი გარდაიცვალა 1578 წლის 28 თებერვალს. |