მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანე კასიანე რომაელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე კასიანე რომაელი (435); ღირსი იოანე, დამასკელი ეპისკოპოსი, ბარსანოფად წოდებული(მე-5); წმიდა მოწამე თეოქტირისტე(მე-8); ღირსი ლეონი, კაბადოკიელი მონაზონი. ღირსი იოანე კასიანე რომაელი წარჩინებულ და დიდებულ რომაელთა შვილი იყო. სიყმაწვილიდანვე სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამოირჩეოდა. ის ჯერ ასტრონომიასა და ფილოსოფიაში განისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მწერლობას ჩაუღრმავდა. დაახ.388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ კი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდისა და სკიტის უდაბნოებში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა იქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 297 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინოპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი-1-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად. ღირს იოანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მარსელში მან დაარსა მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულენი მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლოებინა. 431 წელს იოანე კასიანე რომაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის წინააღმდეგ. ღირსი იოანე დამასკელი, ბარსანოფად წოდებული დაიბადა პალესტინაში. იგი 18 წლისა იყო, როცა მოინათლა. მცირე ხნის შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ასკეტ ბერს დამასკოს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მაგრამ განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ფარულად დატოვა ეპარქია და ალექსანდრიას მიაშურა ბარსანოფის სახელით. იოანე ნიტრიის უდაბნოს სავანეში დამკვიდრდა:დღისით მორჩილად ემსახურებოდა ბერებს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. მალე წმიდა თეოდორე ნიტრიელმა მდაბალ ბერში დამასკელი ეპისკოპოსი შეიცნო, რის შემდეგაც წმიდა მამა აქაურობასაც განერიდა, ეგვიპტეში წავიდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე. |