მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსმოწამე ევდოკია
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე ევდოკია იყო სამარიტელი, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმართულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში. ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეახლა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს. კათამკევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტემ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა. ერთხელ, როდესაც ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი ფილოსტრატე ბერის შესამოსლით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა და ძველი ცხოვრებისკენ მიებრუნებინა.“ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!“-მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა:“ აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღდგება მაცდუნებელი შენი“. ევდოკიას ლოცვით ფილოსტრატე მკვდრეთით აღდგა, ღირს დედას შენდობა თხოვა, მოინათლა და ილიოპოლისში დაბრუნდა. მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს, ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. აველიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ავრელიანის ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ურჩიეს, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილისათვის, და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა ღირსი დედის ლოცვით გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა იწამეს ქრისტე და მოინათლნენ. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში. დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახ. 160-170 წლებში, 1 მარტს. |