მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა იოანე მე-4 (ოქროპირი)
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოანე მე-4 (ოქროპირი) კათალიკოსი დაახ.980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათალიკოს ბასილი მე-3 (1065-1080) თხზულებაში, „თხრობაი სასწაულთათვის წმიდის და ღმერთმოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს(ხს.9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიბრძნე და სიწმიდე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათალიკოსი უწოდა და ისე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე კათალიკოსი „რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირი კათალიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ესლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე მელქისედეკ კათალიკოსისა(ხს.1 ოქტომბერს) რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათალიკოსებისა, ამიტომაც წმიდა იოანე მე-4 და იოანე მე-5-ს ხშირად აიგიავებენ ერთმანეთთან. |