მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენე, კალისტე, ვასოი და სხვანი.
#წმინდათა ცხოვრება ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს(829-842) სარკინოზებმა დაიპყრეს ქალაქი ამორეა(გალატია), ქალაქის დამცველი 42 მეომარი ტყვედ ჩაიგდეს და სირიაში წაიყვანეს. ამორაველებმა მხნედ აიტანეს მრავალგვარი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. წმიდას მეომრებს უსჯულოებმა თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს(845). წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი. წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში(მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ იგი თავის 7 წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დამკვიდრდა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა წმიდანი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხამდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალს უხელდა. კონონი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრსიტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიენთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, წმიდა მამა უარი განაცხადა, რისთვისაც ის სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი-დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩააგდეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისათვის დრო ითხოვეს და უფალს შეჰღაღადეს:“გმადლობთ, შენ უფალო, რამეთუ შენი სახელისათვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებთ შენს წმიდა ეკლესიას, შემსრნე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სულნი ჩვენნი და მოგვმადლე მშვიდობა“. ლოცვის დამთავრებისთანავე ზეცით გაისმა ხმა, რომელიც წმიდანებს თავისთან უხმობდა. მოწამეებმა პირჯვარი გადაისახეს და მშვიდად მიაბარეს სული უფალს. მაშინვე მიწისძვრამ შეარყია ქალაქი და ყველა კერპი შემუსრა. მონაზვნებმა წმიდათა სხეულები საიდუმლოდ დამარხეს მონასტერში, სადაც ისინი მსახურობდნენ. ეს მოხდა ავრელიანეს მეფობის დროს, 270-275 წლებში. მოგვიანებით მამა-შვილის წმიდა ნაწილები გადაასვენეს იტალიაში, ქალაქ აცერუში. |