მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე(მე-3-4ს.ს)
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე(მე-3-4ს.ს) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილო შავიზრვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს ქალაქ ხერსონში-თავრიდის ხერსონესის(ყირიმის) დედაქალაქში. ტავრიდის(ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული(ხს.30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ მხარეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში 1-3 საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს(98-117) მმართველობის დროს ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი(ხს. 25 ნოემბერს). მან აქვე გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამებრივად. მე-4 საუკუნის დასაწყისში ხერსონში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლიტიანეს(284-305) მეფობის დროს, 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში დაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონში ჩავიდა, შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხებთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს(ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების თარიღი-7 მარტი). წმიდა ბასილიმ ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოს სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხრომლად ლოცულობდა ხერსონელების მოსაქცევად. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღდგნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდანის ნაწილებს არაფერი მიჰკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში. ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა-ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდემ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ და ხერსონში ჩავიდნენ. 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს. რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს.21 მაისს)დროს, იერუსალიმიდან ხერსონში ჩავიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრიატიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა. იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. უკან მობრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კუნძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს. წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონში გაგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი მას სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი მღვდელმთავარი შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი კალთით გახურებული ნაკვერცხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გარიყა. ადგილობრივმა წარმართებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს. 987 წელს ხერსონში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირი. ეს ქალაქი რუსეთისათვის ქრისტიანობის აკვნად იქცა. |