მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
პავლე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება პავლე აღმსარებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრირად გამოაცხადა.ნ უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსევისგან განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც. ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა. იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თაამმართველ კონსტანციუსს პავლე საპატრიარქო კათედრაზე დააბრუნებინა, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: 350 წელს, როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრუელბდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. 381 წელს იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს. ღირსი ლუკა ტავრომენელი სიცილიის ქალაქ ტავრომენიდან იყო. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლები და უდაბნოს მიაშურა,, სადაც მრავალი წელი დაჰყო ლოცვითა და მარხვით. ნეტარი ეტნის მთაზე მოსაგრეობდა, სადაც სიცოცხლის მიწურულს მონასტერი დააარსა. სხვა სავანეთა წეს-განების გასაცნობად უფლის რჩეულმა მრავალი მონასტერი მოინახულა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ კორინთოში მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.(მე-9 ს. დასაწ.) |