მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა 40 სებასტიელი მოწამე.
წმიდა 40 სებასტიელი მოწამე: კირიონი, კანდიდე, დომნე, ისიხიოსი, ირაკლი, სმარაგდე, ევნოიკე, ვალენტი, ვივიანე, კლავდიოსი, პრისკე, თეუდულე, ევტიქი, იოანე, ქსანთე, ილიანე, სისინიოსი, ანგია, აეტი, ფლაბიოსი, აკაკი ევდოკიოსი, ლისიმაქე, ალექსანდრე, ილია, გორგონიოსი, თეოფილე, დომენტიანე, გაიოზი, ლეონტი, ათანასე, კირილე, საკერდონიოსი, ნიკოლოზი, ვალერიოსი, ფილოქტიმონე, სევერიანე, ქუდიონი, მელიტონი და აგლაოსი(დაახ.320); წმიდა მოწამე ურსპანსიანე(295); წმიდა კესარიოს მკურნალი(დაახ.369); მართალი ტარასი. 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს.21 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვიტაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და თავიანთი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა. ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით მეომრები ციხეში ჩაყარეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმა ხმა:“რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ერთი კვირის შემდეგ სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩავიდა ცნობილიკარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს:“წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანებს უხილავი ძალა იფარავდათ. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა:“რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კუალად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქუენ მოგელით უხრწნელნი გვირგვინნი დიდებისანი“. მეორე დღეს წმიდანები გააშიშვლეს, ახლომდებარე ტბასთან მიიყვანეს და გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა უკვე შეუძლებელი ხდებოდა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსკენ, მაგრამ უმალვე ძალა წაერთვა, იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად იქაურობა განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი-სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა. დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხლები იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს(დაახ.320). საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწმესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა. აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელტან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა. |