მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ანასტასია
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ანასტასია არისტოკრატული ოჯახის შვიკლი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. კეთილმსახური პატრიცია ყველასათვის მისაბაძი იყო და იმპერატორი იუსტინიანე(527-565) დიდ პატივს სცემდა. დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინოპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დაარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა. რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინიანე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ანასტასიაზე დაქორწინებულიყო. ღირსი ანასტასია დახმარების სათხოვნელად წავიდა შორეულ მონასტერში ბერ დანიელთან. ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსლით შემოსა და ევნუქი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასდროს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა, რომელიც კვირაში ერთხელ მიდიოდა წმიდანთან, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და გამოქვაბულის შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში. უფალმა წმიდანს წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე. მან დოქის ნატეხებზე რამოდენიმე სიტყვა დაწერა და გამოქვაბული შესასვლელთან დადო. მალე მამა დანიელი მივიდა და აზიარა წმიდა ანასტასია. ღირსმა დედამ ილოცა და მშვიდობით მიიცვალა. როცა სამარე გაამზადეს, მამა დანიელმა მორჩილს უბრძანა, თავისი ანაფორით შეემოსა მიცვალებული. შემოსვისას მორჩილი მიხვდა, რომ მის წინ ქალი ესვენა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ბერმა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა ანასტასიას ცხოვრება და ღვაწლი მოუთხრო. 1200 წელს ღირსი ანასტასიას წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს და წმიდა სოფიას ტაძარში დაასვენეს. |