მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს, მეუდაბნოე ბერებთან საუბარში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტრებში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“.რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა. სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეფ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი ძლიერ დაავადდა.იოანე მოსხმა სოფრონი ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯანმრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ(ხს.12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვერცხლოთა, კვიროს და იოანეს(ხს.31 იანვარს) ცხოვრება. როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა იოანე მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინოპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი 11 მონაზონთან ერთად რომში ჩავიდნენ. რომში წმიდა იოანე მოსხიც გარდაიცვალა(622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა. 628 წელ სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია(609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტოსი(633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტოსის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს. სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა ქრისტიანულ სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა. ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურგიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელი(ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმიდა სოფრონის საგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში. |