მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (1289) კეთილმსახური მეფე თამარის(ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს) შვილთაშვილი იყო. სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი როცა იყო- მონღოლებმა დედა-უსათნოესი გვანცა დედოფალი მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისათვის ღვთისაგან სასწაული კურნება მიუღია- უშვილო ქალს მალე ვაჟი შეეძინა. ათი წლისას მოუკვდა მამა- დავით-ულუ. 12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული,“რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად“, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ თავისი უფლებების განსამტკიცებლად „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრეს ათაბაგობა“. სადუნ მარკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმსრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო. თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთი, რომელნი შეკრებილ იყუნეს“. სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალედ განაგებდა ქვეყანას. „აქუნებდა ჩუელება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თვისითა ხელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთვის გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვენენ მეფეს“. 15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული. შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრემ საქართველოს კეთილდღეობისათვის გამოიყენა, ააშენა და განაახლე ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზვარნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა,,,“ მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს-ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცნა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააოცა სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთნის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჯერად მონღოლთა ნოინის ასული, სოლღარი შეირთო ცოლად. სხვის ომში სისხლისაგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაომები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწებს და სოფლებს. ამის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიც და რჯულიც. ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი- არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში. დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ-სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „ომჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“- გიორგი მე-5 ბრწყინვალედ წოდებული. უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვათა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებლად უსჯულოებათა ჩუენთათვის“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლითურთ შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბარი დაანგრია, მიწა გაიპო და იქიდან შავმა კუპრისმაგვარმა წყალმა ამოხეთქა, ხეები ამოიძირკვა, აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი-გუმბათი ჩამოინგრა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა,მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა მთელი საქართველო. ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათოლიკოსობა,“წარვიდა მამულა თვისად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს. მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი(ხს.18 აპრილს), ევფემიოს(ექვთიმე მე-3) კათოლიკოსის ბიძა, „საღმთოთა წესებით აღსავსე და წინასწარცნობის მადლითა გაბრწყინებული“, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა:“ უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავსმდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. მეფემ და მთავრებმა უგულვებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი ბერმა მეფეს მომავალი უწინასწარმეტყველა:“ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ჰყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესე-რა, მთავართა და შენ გეტყვ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმღთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყვა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“. გაკვირვებულმა მეფემ პასუხი ვერ გასცა ღვთივგაბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პარივისმცემელი იყო. მეფეს ახლდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი(ხს.16 მარტს). მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩიელბდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველოსი კი ეკლესიებს აშენებდა, ღამღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთ მოწყალებას. აბაღა ყაენის გარდაცველების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუმის წინააღმდეგ მოწყობილი ერთერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც. ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა რასაც ნიშნავდა ყაენისაგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმინდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი, აწ განრისხებულ არს ყაენი.., და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთვის, თუ არა წავიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანი სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსვრიან.. რა სარგებელი არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკუდეს და მე თვით მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომ ქუეყანა უვნებელი დარჩეს“. დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე“შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისათვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა:“მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კვლავ უღონო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლ ურდოს წასვლას“. „არა არის საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მეფეთა მრავალთა მიურუდნია და დაუცავს თავი თვისი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩუენ ყოველნი, ეპისკპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს:“უფროსს ამისსა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმან სულითვისი მოყუსისათვის“. და უკეთუ ერთისა მოყუსასთვის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურისცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს“-ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა. ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა ურდოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავითი და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრე მეფეს, რაც ჰქონდა ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი. ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩუნეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არარვინ არს ღირსი მეფობისა“, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი“. მაშინ წინ წარსდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მონღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა:“ ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი(ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას უბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩიელებდეს“. მოღალატე ამისპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგუელბით გახარებულმა მეფემ უპასუხა:“ პირველვე უწყდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისთვის ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო“. მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს. წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშისსაცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლა-ბურას ჩააბარა თავისი პირმშო::“ ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლა გულიწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ღვთისაგან ცხონებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლა-ბუღას. სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა. მოულოდნელად ღვთივმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე. დემეტრეს წმიდა გვამს, ყაენის ბრძანებით, დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მისმა მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა მოწამე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა“. |