მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი-რომის პაპი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი-რომის პაპი დაიბადა რომში, დაახლ. 540 წელს. პაპი ფელიქს IV (526-530) მისი ბაბუა იყო. მისი დედა სილვია და ბებია, ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლსესიის მიერ წმინდანებად შერაცხილნი არიან.

გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება 6 მონასტრის მოწყობას მოახმარა. რომში ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დააარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგიუს II-ის (579-590) დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. მან აქ დაწერა „იობუის წიგნის თარგმანება“. პელაგიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ ბოლოს საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა დასთანხმებოდა.

წმიდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურგიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.

წმიდა გრიგოლის თხზულებებში განსაკუთრებით აღსანიშნავია: „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულებზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი“, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.

 წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა 13 წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.