მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მატრონა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა მე-5 საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული-თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. 25 წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა. ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ მონაზონს- ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმიდანი სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეჰვედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს.10 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურ ბერებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასევე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრამის მონასტრის იღუმენს_ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა რა მიზნით მივიდა მონასტერში-ბერების ცდუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, დებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ. ხმა უფლის რჩეულის მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდმო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, იქიდან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებულ დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთოების წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გამგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დაარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლი სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით. ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახ. 492 წელს მშვიდობიტ შეჰვედრა სული უფალს. |