მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იპატი რუთინელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იპატი რუთინელი დაიბადა ფრიგიაში (მცირე აზია), ადვოკატის ოჯახში და კარგი განათლება მიიღო. ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა. გაბრაზებულმა იპატიმ სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. იგი თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა, შემდეგ კი დასახლდა ერთ ხუცესთან, რომელიც ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე ღვთის რჩეული ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა, 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი პური და ღვინო მიიღო და ცოდვისაგან განიწმინდა. მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატი ორ ბერთან ერთად ქალკედონის ახლოს, რუტინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. 40 წლის ასაკში ღირსი იპატი სავანის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი განაგებდა საძმოს. მკაცრი ცხოვრებისა და მოყვასის სიყვარულის გამო ღირსი იპატი უფლისგან სასწაულქმედებისა და კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით მონასტერში პური მრავლდებოდა, ეშმაკეულებს გონება უბრუნდებოდათ, ავადმყოფები იკურნებოდნენ... ღირსი იპატი მიიცვალა დაახლ. 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.