| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მარიამ მეგვიპტელი
#წმინდათა ცხოვრება პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდანვე მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ მან დატოვა თავის სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს საღმრთო ლიტურგიაზე ყველანი ეზიარებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან ნებართვას იღებდნენ და უდაბნოში გადიოდნენ. ბერები ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში. ერთხელ, უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამნის ფსალმუნებსა და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის აჩრდილი გაკრთა, დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები მატყლივით გათეთრებოდა. როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა განრიდებოდა ღირს მამას, ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და გაეკიდა, უნდოდა ახლოს ენახა საოცარი განდეგილი. ბოლოს, ღონემიხდილი გამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხოვნებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უღირსსა და უძლურს, დამლოცე და მაკურთხე“. უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე, მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისათვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და შენდობა გთხოვო“. „სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოებია, ალბათ, ამიტომ იცის ჩემი სახელი“, - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და მიაწოდა ანაფორა. მეუდაბნოემ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ილოცა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში ამაღლდა. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო. ზოსიმეს გონებაში გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?“ მაშინ ღირსმა დედამ უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ“, - და პირჯვარი გარდაისახა. ცრემლმორეული ზოსიმე ფეხრთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიადე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული“. მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან განმერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისათვის. ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, 12 წლისა ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ ვნებას სიძვისას. 17 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფიელბა იყო. ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, იქ მეტ ადამიანს ვნახავ-თქო ცოდვით დაცემისათვის. მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ, ჩანს უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდა ჩემს მოქცევას. ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ჩავდიოდი, ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ ნორჩ სულთა წარსაწყმეტად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მე იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ -უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და გავჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო და ავტირდი. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; გაჰგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმა ჩვენმან?! შემეწიე ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ იქნა უფალი, მოსატევებლად ცოდვათა ჩვენთა თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანივსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე მშობლისა შენისა, ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, გავალ და სოფლიდან წავალ, საითკენაც მომიწოდებ“. ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარებისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქმენი. ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ლოცვა აღვავლინე. უცებ შორიდან სემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარ აღსასრული მოგელის“. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე არამედ შემეწიე“. ტაძრის ეზოდან გამოსულს, ვიღაცამ სპილენძის სამი მონეტა მომცა. ამ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე. მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში“. აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს კითხა: „რამდენი წელია დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?“ -ალბათ 47 წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი“. ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?“ - „როცა იორდანი გადმოვლახე ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ იგი გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ მცირედს ვიღებდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო“. -„მერწმუნე აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - 17 წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს... მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში შევეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა - მე ხომ ძალიან ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნო ეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი მყუდროება ისადგურებდა. როგორ ვაღიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი. ასე ვცხოვრობდი პირველი 17 წელი: ბნელი-ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის“. აბბა ზოსიმემ კვლავ კითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც სამოსელი?“ მეუდაბნოემ უპასუხა: 17 წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებითა და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ ხნიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს. საუბრის დროს ღირს დედას ხშირად მოჰყავდა ადგილები საღმრთო წერილიდან, რამაც აბბა ზოსიმე გააკვირვა და ჰკითხა: „სად ისწავლე დედაო წმიდა წერილი?“ მეუდაბნოემ გაიღიმა და უთხრა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს, მთელი ცხოვრება ვაღიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემს ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე რასაც გეტყვი. მომავალ წელს დიდმარხვაში უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს“. კვლავ გაუკვირდა ზოსიმეს - საიდან იცის მონასტრის წესიო. მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანეს ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურავის მოუთხრობ, უფალი თვითონ გაჩვენებს დროს“. მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან. როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი კვირეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა. მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა პირობა: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?“ მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა მდინარეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა, თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ-ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი“, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ მისი თხოვნით „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელები და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი“. შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე მამაო და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი ამ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისათვის“. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა, რომელსაც ტერფებს უზარმაზარი ლომი ულოკავდა. ლომი ბერს მიეახლა. ბერმა ლომს საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე-მონასტერში. სავანეში დაბრუნებულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენითა და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. წმიდა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა. ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა (ხს. 11 მარტს) ჩაწერა. |