| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი ამფიანე და ედესიოსი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი ამფიანე და ედესიოსი ძმები იყვნენ, ცხოვრობდნენ პატრასში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და კესარიაში წავიდნენ, სადაც ნახეს მოძღვარი, ხუცესი პამფილე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა. იმ დროს, იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) ბრძანებით კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაიქცა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიოსიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, წმიდა ამფიანე მას თამამად მიეხალა და ურჩია, ცრუმსახურებისათვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით, წმიდა ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღის განმავლობაში ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით სცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას. წმიდა ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ წმიდანმა ქალაქის მმართველი იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო მკაცრ მოპყრობაში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს (306). |