| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი, დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაეცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდანვე ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის, სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა იგი მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე (ხს. 13 მარტს). 7 წლის შემდეგ ღირსი ნიკიტა მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უძლურებაში მყოფმა წმიდა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა. ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა. ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს. უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა ამოიდგა, გონებაარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი... ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815; 828), მის ადგილას კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტე. გადასახლებული და დატყვევებული ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა ეკლესიის იღუმენი თავისთან მოიწვია და მათ გადაბირებას შეეცადა. მოწვეულთა შორის იყო წმიდა ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა მოთმინებით იტანდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა. იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტემ გადაწყვიტეს ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტესთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად წმიდა ხატები იყო დასვენებული და ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინოპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლთა ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და 6 წლის მანძილზე ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე ციხეში ტანჯავდნენ. 824 წელს წმიდანმა ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდა ნიკიტას ლოცვით მის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, სასწაულები აღესრულებოდა. |