| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა იოსებ მგალობელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოსებ მგალობელი დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და არათია ბარბაროსების თავდასხმებს განერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. 15 წლის იოსები თესალონიკში წავიდა და მონასტერში დაემკვიდრა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობითა და სიმდაბლით გამორჩეული იოსები მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. ერთხელ, მონასტერში მივიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (ხს. 20 ნოემბერს). მან შეამჩნია ახალგაზრდა მღვდელი და კონსტანტინოპოლში წაიყვანა. ეს იყო ლეონ სომეხის მეფობის ხანა (813-820) - ხატმბრძოლობის ერესის აღზევების ხანა. ღირსი იოსები და გრიგოლი უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინოპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ. მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს (795-816), რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწვდინა მართლმადიდებლებისათვის. იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლების მიერ მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ღირსმა იოსებმა 6 წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება. წმიდა ნიკოლოზმა იოსებს გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვენ, მოწყალეო, შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი შთანთქა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუასნი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118,103). წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა და კონსტანტინოპოლის მახლობლად აღმოჩნდა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე (ხს. 18 აპრილი). ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია ააგო და გრიგოლისა და იოანეს ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი აშენდა. ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. 40 დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის განსადიდებელი კანონები. ხატმბრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: 11 წელი ხერსონეში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის (ხს.11 თებერვალს) ბრძანებით იგი გაათავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ - 867 წელს. პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინოპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა. ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს მას უფალმა გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს. იგი რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის, ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს (883). |