| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მარკოზ ათენელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მარკოზ ათენელი ათენში დაიბადა. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით, სიკვდილის წინ მოინახულა წმიდანი. ბავშვობაში წმიდა მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წლის განმავლობაში ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი 30 წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისათვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“ 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მიჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისაგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“ - უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, თუ არიანო ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისა, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარა შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ - „არა მამაო“, - უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები“. ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, -მიუგო ღირსმა მარკოზმა, - ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“. მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოექოლა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (400). |