მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მეთოდე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მეთოდე, მორავიის ეპისკოპოსი და კირილე (სქიმის შემოსვამდე - კონსტანტინე) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა. სავარაუდოა, რომ ბულგარეთში ათი წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა და ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს და დედაქალაქში გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმბრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდეგ იგი წავიდა ძმასთან - წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე.

მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ ხერსონში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელის (ხს. 25 ნოემბერს) წმიდა ნაწილები.

ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმიდა კირილე დედაქალაქში დარჩა. მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიქრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.

მალე იმპერატორთან მივიდნენ მორავიის მთავრის, როსტისლავის ელჩები და სთხოვეს, სლავური ენის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში, ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა წმიდა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, მეთოდესა და მოწაფეების: გორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმისა და ანგელარის დახმარებით მან შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.

წიგნების თარგმნის შემდეგ, წმიდა მამები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულსწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის წმიდა ნაწილები. რომის პაპი ადრიანე (884-885) პატივით შეხვდა ძმებს და დაამტკიცა ღვთისმსახურების შესრულება სლავურ ენაზე.

რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება ემცნო და სქიმა მიიღო. სქიმის მიღებიდან 50 დღის სემდეგ, 869 წლისა 14 თებერვალს, 42 წლის წმიდანი გარდაიცვალა.

წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანონის მთავარეპისკოპოსად. გამძვინვარებულმა მტრებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით განთავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევოი და მისი მეუღლე ლუდმია (ხს. 16 სექტემბერს). მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა დაუწყეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამომავლობის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.

სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულისკანონი და პატერიკები.

წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში; დაასაფლავეს ბელგრადის ტაძარში.