მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე კალიოპე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე კალიოპე დაიბადა პამფილიის ქალაქ პერგეში. მისის მამა ცნობილი სენატორი იყო, დედა კი - ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ჰყავდა შვილი და მხურვალე ლოცვით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, შვილის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ კალიოპე ქრისტიანულად აღზარდა.

მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამაც გაიგო, რომ მისი შვილი დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმიდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. წმიდანს შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმიდა კალიოპემ უარი განაცხადა და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ქალაქის მმართველმა, მაქსიმემ კალიოპეს აღუთქვა, რომ თავის ასულს შერთავდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. მაქსიმემ კალიოპესგან უარი მიიღო, რის შემდეგაც, მაქსიმემ ბრძანა, ეწამებინათ ჭაბუკი. წმიდანი ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, რკინის ბორბალზე დააკრეს და ნელ ცეცხლზე დაუწყეს წვა, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს.

როდესაც თეოკლიამ შვილის წამების შესახებ გაიგო, მონები გაათავისუფლა, ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და თავადაც კილიკიაში გაემგზავრა. აქ მან მოისყიდა დარაჯები, შვილის საკანში შეაღწია და გაამხნევა იგი. მეორე დღეს მაქსიმემ ბრძანა ჯვარზე გაეკრათ ჭაბუკი, დასჯის დღე დიდ ხუთშაბათს დაემთხვა.

თეოკლიამ დარაჯებს სთხოვამ თავდაღმა მიელურსმნათ შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმიდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს. (304).

ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა, მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა-შვილის ცხედარი ერთად დაკრძალეს.